Total Pageviews

Tuesday, April 10, 2012

            ტყეში გზააბნეულ 3 წლის ბავშვს ძაღლი საკუთარი სხეულით ათბობდა

რამდენიმე დღეა, პოლონური მედია ერთი ჩვეულებრივი ძაღლის მიერ ჩადენილ გმირობაზე წერს, რომელმაც თავისი სამი წლის პატრონი სიკვდილისგან იხსნა. ძაღლმა, რომელიც არც გარეგნობითაა გამორჩეული და არც ჯიშით (მის მსგავსთ სულაც „უჯიშოებს“ უწოდებენ), არამარტო სოფელ კაროლინუვში, არამედ მთელ მსოფლიოში ყველა აალაპარაკა.

შემთხვევა პატარა პოლონურ სოფელთან მოხდა. უფროსების არყოფნის დროს პატარას გასეირნება მოუნდა და ბილიკს დაადგა. მას ძაღლიც აედევნა. ტყეში შესულ პატარას გზა აებნა. რამდენიმე საათის შემდეგ ბავშვს უკვე ეძებდნენ პოლიციელები, მეტყევეები, ადგილობრივი მამაკაცები და მეხანძრეებიც კი.

ყნოსვით ბავშვის კვალის მიგნება საუკეთესო მეძებარმა ძაღლებმა სცადეს, ტყის თავზე ვერტმფრენი ტრიალებდა, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო – ბავშვი არსად ჩანდა. მხოლოდ მეორე დღეს, საძიებო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ყურადღება მიაქცია ძაღლის წკავწკავს, რომელიც სუსტად, მაგრამ მაინც ისმოდა ტყის სიღრმიდან.

სწორედ იქ, სოფლიდან ოთხი კილომეტრის დაშორებით, მაშველებმა იპოვეს ძალაგამოცლილი ბავშვი, რომელსაც შიმშილისგან არანაკლებ არაქათგამოცლილი ძაღლი არ შორდებოდა და საკუთარი სხეულით ათბობდა.

ბიჭუნა საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მისი სხეული გადაციებული იყო. ექიმებმა ცალსახად დაასკვნეს, რომ შემოდგომის ცივი ღამე პატარა დავითისთვის უთუოდ ბოლო აღმოჩნდებოდა, რომ არა მისი ოთხფეხა მეგობარი.

ამჟამად ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძაღლის ერთგულების შესახებ კი ჟურნალისტების მეშვეობით მთელმა ქვეყანამ შეიტყო. ახლა მიშეკი ეროვნული გმირის სადარ პატივშია: ქვეყნის სხავადასხვა ნაწილიდან მისი მისამართით ყოველდღე იგზავნება სასუსნავი და ძაღლებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გემრიელი საკვები.
                                                       ჰაჩიკო – ერთგულების სიმბოლო
სევდიანი  ისტორია რომელიც რეალურად მოხდა იაპონიაში , დღემდე აღრფთოვანებაში  ჰყავს მთელი მსოფლიო.   ყველაფერი დაიწყო  1924 წელს .  ჰიდესაბურო უენო ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორს სახლში ჰყავდა 8 ძაღლი , მათ შორის ყველაზე პატარა ლეკვს სახელად  დაარქვა ჰაჩი , რაც იაპონურ ენაზე ითარგმნება როგორც მერვე.  ყოველ დილით ჰაჩიკო თავის პატრონს აცილებდა სამსახურში ხოლო , საღამოს ხვდებოდა  სიბუიას – მატარებლის სადგურზე , 1925 წელს  ჩვეულებრივ  ჰაჩიკომ  გააცილა პატრონი უნივერსიტეტში , მაგრამ საღამოს უენო აღარ გამოჩნდა . ძაღლი კი ელოდა , როგორც გაირკვა უენო გარდაიცვალა გულის ინფაქტით. ჰაჩიკო გააჩუქეს უენოს მეგობარ კობიაშიზე  , მაგრამ ის მაინც მიდიოდა თავის ძველ სახლში. ძაღლი ხვდებოდა  რომ მისი  პატრონი აღარ ცხოვრობდა იქ , ამიტომ გადაწყვიტა მოეძებნა სიბუიას – სადგურზე , სადაც ბოლოს ნახა და  გააცილა. ყოველ საღამოს ,  მატარებლის ჩამოდგომის დროს  ის გულმოუთმენლად ელოდა უენოს დაბრუნებას  , ამ  ყველაფერმა მიიქცია მგზავრების ყურადღება , ზოგიერთ მათგანს ადრეც ენახათ  ძაღლი და მისი პატრონი ერთად , ძაღლისთვის  საკვებიც მოჰქონდათ . ასე გაგრძელდა 9 წელი , ჰაჩიკო სადგურზე მიდიოდა ზუსტად მატარებლის მოსვლის დროს და ელოდებოდა მის პატრონს
1932 წელს ერთხელაც ის შეამჩნია უენოს ყოფილმა სტუდენტმა  და გაჰყვა სახლში , სწორედ კობაიაშის სახლში   , უენოს სტუდენტმა გაარკვია ძაღლის ისტორია და გადაწყვიტა გამოეცა რამოდენიმე  სტატია ჰაჩიკოს და მისი გარდაცვლილი პატრონის ისტორიის შესახებ.   სტატისს გამოსვლის შემდეგ ძაღლი მთელი იაპონიის ყურადღების ცენტრში მოექცა ჰაჩიკო გადაიქცა ეროვნულ სენსაციად.  ის იქცა ერთგულების  სიმბოლოდ იაპონიაში . მასწავლებლები და მშობლები   ჰაჩიკოს მაგალითს აძლევდნენ ბავშვებს.  ცნობილმა იაპონელმა მოქანდაკემ 1934 წელს შექმნა   ჰაჩიკოს ქანდაკება , რომელიც დაიდგა სიბუიას სადგურზე , ქანდაკების დადგმიდან  სულ რამოდენიმე თვეში ჰაჩიკო გარდაიცვალა.
მე 2 მსოფლიო ომის დროს ქანდაკება დაზიანდა  , მაგრამ  1948  წელს მისი აღდგენა ითავა ტაკეში ანდომ რომელიც პირველი ქანდაკების ავტორის შვილი იყო. ახალი ქანდაკება აღდგენილ იქნა  1948 წლის აგვისტოს თვეში და დღემდე დგას სადგურის ტერიტორიაზე.  ეს იყო ტურისტებისთვის და მთლიანად იაპონელებისთვის საყვარელი ადგილი. 1987 წელს იაპონიაში გადაიღს ფილმი Hachiko Monogatari / ჰაჩიკოს თავგადასავალი , ფილმი გახდა პოპულარული არამარტო იაპონიაში არამედ მთლ მსოფლიოში. 2009 წელს კი ჰოლივუდმაც მიუძღვნა ბიოგრაფიული ფილმი ძაღლს , რომელიც მთელი ცხოვრება პატრონის ერთგული იყო.
ლოს-ანჯელესში ძაღლებს ”უფასოდ ყეფა” მხოლოდ 10 წუთით შეუძლიათ

ლოს-ანჯელესის მთავრობამ ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვით, ძაღლების პატრონები დაჯარიმდებიან, თუ მათი შინაური ცხოველი გაბმულად 10 წუთზე დიდხანს იყეფებს. ყოველი გადაცდენილი წუთი ძაღლების პატრონებს 1000 დოლარი დაუჯდებათ.

ახალი კანონის ინიციატორი ლოს-ანჯელესში მცხოვრები ჰერი ლეონარდია. მას მოსვენებას უკარგავდა მეზობლის ძაღლი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ყეფდა.

შეწუხებულმა ამერიკელმა ცხოველთა კონტროლის ადგილობრივ დეპარტამენტში სარჩელი შეიტანა. სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ადგილობრივ მთავრობას ახალი კანონის მიღება მოსთხოვა.

შედეგად ძაღლებს “უფასოდ” ყეფა გაბმულად მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში შეუძლიათ. ახალი კანონი ტურისტებსაც ეხება.
                                         ძაღლებისთვის ტელევიზია იქმნება

სან დიეგოში 24 საათიან სატელევიზიო მაუწყებლობას ძაღლებისთვის ქმნიან. როდესაც ძაღლების პატრონები შინ არ იქნებიან, არხი მარტო დარჩენილი ცხოველების განწყობაზე იზრუნებს.

“ძაღლებიც ისევე განიცდიან მარტოობას, როგორც ადამიანები. რა პროგრამების ყურება გაახალისებთ მათ? რასაკვირველია, ძაღლების გამოსახულებების. ისინი ძალიან გაერთობიან, როდესაც ბურთთან მოთამაშე ცხოველებს დაინახავენ”, – განაცხადა DOGTV-ს ტელევიზიის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, გილად ნეუმანმა.

“ვფიქრობ, ეს არხი წარმატებული არ იქნება. კატები ტელევიზორის ყურებით შეიძლება დააინტერესო, მაგრამ ძაღლებს ხმის მოსმენა უფრო მოსწონთ, ვიდრე გამოსახულების ხილვა. თქვენ ვერაფრით გაართობთ მარტო დარჩენილ ძაღლს”, – მიიჩნევს პროფესორი კეტრინ ჰოუფთი, რომელიც ცხოველების ხასიათს დიდი ხანია იკვლევს.
                                         ბრიტანეთში ცეროდენა ლეკვი გაჩნდა

ლეკვი, რომელიც ფუნტზე ნაკლებს იწონის, ხელისგულზე თავისუფლად თავსდება. მას ჯეკ რასელი ქვია და ინგლისის ქალაქ სვინდონში დაიბადა.

ლეკვის პატრონი 10 წლის კელი-მეი კოლესი მას 9 დღის განმავლობაში სპეციალური პატარა ბოთლით კვებავდა, რადგანაც დედამ ის დაბადებისას მიატოვა.

“ყველა მიიჩნევს, რომ ჩემი ჯეკი ლამაზია. ყველა ჩემს მეგობარს უყვარს ის. სკოლის მასწავლებელმა ისიც კი მითხრა, ეს ლეკვი ყველაზე პატარაა, რომელიც კი დაბადებულაო”, – ამბობს გოგონა.

როდესაც ლეკვი დაიბადა მხოლოდ 8 სანტიმეტრი იყო. ჯეკისთან ერთად კიდევ 4 ლეკვი გაჩნდა, მაგრამ მხოლოდ ჯეკი გადარჩა.
                        ძაღლის ერთგულება – 70 მილი, პატრონის მისაკვლევად!

ჯარისკაცი დენის ბრაინი ერაყში მსახურობდა. მისი რაზმის დისლოკაციის სიახლოვეს, მუყაოს ხუხულაში ცხოვრობდა ძაღლი. საწყალი ოთხფეხი შიმშილით და წანწალით გამოფიტული იყო, ყურები ჰქონდა დაგლეჯილი და პანიკურად ეშინოდა ადამიანების, რომელთაგანაც მიჩვეული იყო სასტიკ მოპყრობას.

დენისმა მიიჩვია ძაღლი – ჭრილობები მოუშუშა, გამოკვება. ძაღლი ისე გაუშინაურდა ახალ პატრონს, რომ პირდაპირ მისი ხელიდან ჭამდა, კუდს აქიცინებდა და ერთგულ დარაჯად ედგა. მაგრამ მალე რაზმი ახალ ადგილზე გადაიყვანეს და დენისს ძაღლის წაყვანის უფლება არ მისცეს.

დენისს ცრემლი მოადგა თვალზე, როდესაც დაინახა, როგორ მოსდევდა ძაღლი მათ მანქანას.

ორი დღის შემდეგ, 70 მილის დაძლევით, ძაღლმა მიაგნო თავის პატრონს!

როდესაც მე და ჩემმა თანამებრძოლებმა დავინახეთ ძაღლი, თვალებს არ დავუჯერეთ – შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რა დაბრკოლებების ფასად ჩამოაღწია მან ჩვენამდე!

ძაღლის გმირული საქციელი დენისის ხელმძღვანელობამ სათანადოდ დააფასა – მისთვის საჯარისო ტერიტორიაზე  ააგეს  საგანგებო ბუდრუგანა.

ძაღლიცა  და მისი პატრონიც დარწმუნდნენ, რომ ნამდვილი მეგობრობა ჭეშმარიტად არსებობს!

დენისის  სამხედრო სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ, მათ ელოდებათ დენისის მშობლიური სან–დიეგო, წყნარი ოკეანის სანაპიროზე –  განცდილი ფათერაკების შემდეგ, ძაღლმა უთუოდ დაიმსახურა სიმშვიდე და გემრიელი საკვები, რომელსაც პატრონი არ დააკლებს.
                                   ირლანდიური სეტერი – Irish Setter

 ირლანდიური სეტერი ჩამოყალიბდა როგორც განკერძოებული ჯიში მას შემდეგ, რაც მოხდა სეტერების დაყოფა ფერის მიხედვით.



დაახლოებით XX საუკუნის შუა წლებში ირლანდიაში გამოყვანილი წითელ-ჭრელი სეტერებისგან უპირატესად წითელი ფერის ძაღლების გადარჩევის გზით გამოყვანილ იქნა მთლიანად წითელი შეფერილობის სეტერი, ისეთი, როგორიც დღესაა ცნბილი. ეს არის ელეგანტური ძაღლი კარგად განვითარებული სამონადირეო თვისებებით, რომლებმაც თავისი ძალა არ დაკარგეს მას შემდეგაც, რაც ირლანდიური სეტერები თავისი ელეგანტურობისა და სილამაზის გამო, ხშირად მოწყვეტილნი იყვნენ ნადირობას და მხოლოდ ნატიფ, მოდურ ძაღლებს წარმოადგენდნენ. მას აქვს კარგად განვითარებული სამონადირეო ინსტიქტი და თანმიმდევრული წრთვნის შედეგად მისგან შესანიშნავი მონადირე ძაღლი გამოდის, რომლის გამოყენება შეიძლება უნივერსალურ სამუშაოებში, რადგან მას აქვს წყალში მუშაობის და აპორტირების თანდაყოლილი სიყვარული.



           სტანდარტი:  

ზოგადი აღწერილობა: სწრაფი, რბილი, ჭკვიანი და ლამაზი ძაღლის კეთილშობილი ტიპი.



თავი და ქალა: თავი – გრძელი, მშრალი და ვიწრო. ქალა – ყურებს შორის ოვალური; კეფის ბორცვი კარგად განვითარებული, დრუნჩი გრძელი, მსუბუქი, მშრალი, საკმაოდ ღრმა; ნესტოები – ფართო, გაშლილი; ტუჩები – წვრილი, მშრალი; ცხვირის ბიბილოს ფერი – მუქი წითელი, მუქი ყავისფერი, უპირატესად შავი; თვალები – ყავისფერი ან მუქი ყავისფერი, არ უნდა იყოს ძალიან მსხვილი; მზერა – ჭკვიანი. ყურები – საშუალო სიდიდის, წვრილი, დაბლა დასმული, კეფასთან ახლოს. ლამაზი ნაკეცებით დაშვებული და მჭიდროდ მიკრული ღაწვებზე. კისერი – საშუალო სიგრძის, ძალიან დაკუნთული, ოდნავ მოხრილი, კანის ნაკეცების გარეშე;



ტანადობა – მინდაომდე ხვადები 57-64 სმ სიმაღლისანი არიან; ძუები 3 სმ-ით ნაკლები. ფორმატი _ კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსი ხვადებთან 100-105 -ია, ძუებთან _ 102-107. ზედა ზღვარზე 2 სანტიმეტრამდე მეტი სიმაღლე ნაკლია, 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული ან ქვედა ზღვარზე ნაკლები სიმაღლე კი _ ხინჯი.



შეფერილობა – ერთფერი _ ჟღალი, მუქი წითელი, წითელი ხის (ძელქვის) მერქნის გაპრიალებულ ზედაპირს რომ გვაგონებს. დასაშვებია კაზმული ბეწვის უფრო ღია და ბაცი შეფერილობა. ასევე მისაღებია პატარა თეთრი ლაქები შუბლზე, კეფაზე, დრუნჩზე, მკერდზე და თათებზე. ნაკლი: მუქი ყავისფერი ან ღია ყვითელი ფერის ძირითადი შეფერილობა; ღია ფერის “სათვალეები”; მეტისმეტად ღია ფერის კაზმული ბეწვი. ხინჯი: შავი ფერის ბეწვები; თეთრი ლაქები ტანზე სტანდარტით გაუთვალისწინებელ ადგილას.



ბანალი – ირლანდიური სეტერი შემოსილია გრძელი, ხშირი, სალუქი, სწორი, ტანზე მჭიდროდ მომდგარი ბანლით. თავზე და ფეხების წინა მხარეს ბეწვი მოკლეა, სხვაგან კი _ საგრძნობლად გრძელი. ყურებზე, მკერდქვეშ, წინა ფეხების უკანა მხარეს იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, აგრეთვე კუდის მუცელზე _ ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე დანარჩენ ტანზე და ნაძეძებად და ფოჩებად არის ჩამოსწორებული. თათებსა და თათისგულებს შორის სქელი ბუნჯგალია გაფანჩული. კუდი სწორი, კაზმული ბეწვით არის შემოსილი, რომელიც კუდის რიკიდან ცოტა მოშორებით იწყება და მარაოსავით იშლება _ შუაში ყველაზე გრძელია, ბოლოსკენ თანდათან მოკლდება. ნაკლი: ზურგის ხაზიდან აქეთ – იქით გადავარცხნილი, გადამეტებულად გრძელი ბეწვი, რომელიც ზურგზე განაყოფ ღარს ქმნის; “ფაფანაკი” თავზე; ნაწილობრივ დატალღული ბანალი; ნაკლებად გამოსახული კაზმული ბეწვი. ხინჯი: ხუჭუჭა ბეწვი; კულულებად დაყრილი, კუდზე დახვეული, ძალიან უხეში ბანალი; ტანზე არამჭიდროდ მიჯრილი და მომდგარი; კაზმული ბეწვის არქონა.



ტყავი; ძვალკუნთოვანი სისტემა – ტყავი ტანზე მჭიდროდ, ნაკეცების გარეშეა მომდგარი, თხელი და ელასტიურია; ძაღლს ჩონჩხი და კუნთები კარგად აქვს განვითარებული.



ყური – საშუალო სიგრძის (ცხვირის წვერომდე 2-3 სმ აკლდება); დაკიდული, სალუქი, მომრგვალებული ბოლოებით; საძირკველში არცთუ ფართო. ირლანდიურ სეტერს ყური დაბალზე (უპის ჭრილის გასწვრივ) უზის; ოდნავ კეფისკენ გადაწეულია, მსუბუქ ნაკეცს იკეთებს და თანაბრად ჩამოშვებული ღაწვებს მჭიდროდ ეკვრის. ნაკლი: მაღალზე გაკიდული ყური; ღაწვებზე არამჭიდროდ მიკრული ყური. ხინჯი: დიდი და გაშლილი (“პარტყუნა”); გრძელი და მძიმე; კულულივით ან მილაკივით დახვეული; ხრტილზე გაკიდული; პატარა, მოკლე ყური.



თვალი – საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის (ნუშისებრი), მუქი ყავისფერი, არაღრმად ჩამჯდარი, მაგრამ არც გადმოკარკლული; უპის ჭრილი ოდნავ ცერად უზის (ბუდეშურად); ქუთუთოს კიდეები ცხვირის წვერის შეფერილობისა უნდა იყოს. ნაკლი: დიდი, გადმოკარკლულითვალები; უპის პირდაპირი ჭრილი; შიდა (მესამე) ქუთუთო, რომელიც ნაწილობრივ ფარავს თვალის ნაწილს. ხინჯი: პატარა, ჩაცვენილი, შემღვრეული თვალები; გან-გან ან ახლო-ახლო ჩამჯდარი; მრგვალი თვალი; ლოხი, ჩამოღვენთილი უპეები; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპეები.



კბილები – თეთრია, საღია, მყარად და მჭიდროდ ჩალაგებული. მჭრელები ერთ ხაზზეა გამწკრივებული. კბილთაყარა მაკრატელისებურია.



კისერი – საშუალო სიგრძისაა, ხმელი, კუნთოვანი, არცთუ სქელი, გვერდებიდან ცოტა შეჭყლეტილივითაა; ხვადებს ქედი ოდნავ ამოზნექილი აქვთ, ძუებს _ სწორი. ნაკლი: მოკლე, სქელი, ლოხი, მრგვალი კისერი; ღაბაბიანი ყელი.



მინდაო – გამოკვეთილად ამოზიდულია რამდენადმე დაქანებულ (კუდისკენ) ზურგის ხაზს ზემოთ (განსაკუთრებით ხვადებში). კუნთოვანია; კარგად განვითარებულია.



ზურგი – სწორია, არცთუ ფართო, მაგრამ კუნთოვანი. ნაკლი: გადრეკილი (რბილი), ან ოდნავ ამოკუზული ზურგი. ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.



წელი – მოკლე, კუნთოვანი და ოდნავ ამოდრეკილია. ნაკლი: არასაკმარისად კუნთოვანი; გრძელი; სწორი (თარაზული) წელი. ხინჯი: გადრეკილი წელი; ამოკუზული წელი.



გავა – განიერია, (განსაკუთრებით ძუებს _ მინდაოსთან შედარებით შესამჩნევად განიერი გავა აქვთ). საკმაოდ გრძელია, (ძუებთან _ უფრო გრძელი). ოდნავ დაფერდებული; კუნთოვანი. ნაკლი: შედარებით მოკლე და ცოტათი ჩათლილი გავა. ხინჯი: საგრძნობლად მოკლე და მკვეთრად ჩათლილი (“ჩასხეპილი”) გავა.



მკერდი – არცთუ ფართოა; გრძელი და ღრმაა _ იდაყვებამდე ჩამოშვებული; ცრუ ნეკნები კარგად განვითარებულია; გვერდიდან შეხედვისას _ მკერდის შუაძვალის წიბო და ქვედა ხაზი რბილად გადადის მუცლის ზოლში. ნეკნები რამდენადმე გამობურცულია. ნაკლი: არასაკმარისად გამობურცული ნეკნები; ბრტყელი ან ზედმეტად ფართო, გაშლილი მკერდი. ხინჯი: ძალზე ვიწრო ან გადამეტებულად განიერი ან ძალზე ღრმა ან ძალზე მოკლე ან კასრისებური მკერდი ან შევარდნილი მკერდი.



მუცელი – მუცელი აკვალთულია, ფერდები აკრეფილი. ნაკლი: ჩამოწეული მუცელი, მოშვებული ფერდები.



წინა კიდურები – წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორი და ურთიერთპარალელურია; კუნთოვანი, მშრალი და ძვალსრულია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან უნდა იყოს მიმართული. დგომისას განბჯენი არ არის ფართო. მხრები გრძელია, დაკუნთული. მხარ_ბეჭის შესახსრების კუთხე 100 გრადუსზე ცოტა მეტია. წინამხარი გრძელია, სწორი, განივკვეთში ოვალურია. ტერფები საშუალო სიგრძისაა, ვიწროა, მყარია და პირდაპირ მიმართული; ძაღლს ოდნავ დახრილად უდგას _ 10-12 გრადუსიანი კუთხით. ნაკლი: შედარებით სწორი მხრები; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; მცირედად განზე გამოყრილი იდაყვები; შვეულად მდგარი ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი ან ბატატურა დგომი; ფართო განბჯენი. ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული. მოკლე წინამხარი, მოკლე კიდურები.



უკანა კიდურები – უკნიდან თუ შევხედავთ _ ფართოდ მდგომი, სწორი და პარალელურია. გვერდხედში _ თვალნათლივ გამოხატული შესახსრების კუთხეებით. თეძო გრძელია, დაკუნთულია; წვივის ძვალი გრძელი და ცერად დახრილია. კარგად გამოკვეთილი სანავარდოები ქვემოთ არის დაშვებული და აუცილებლად უკან მიმართული. კოჭი მოკლეა, თითქმის შვეულად მდგარი. ნაკლი: განუვითარებელი კუნთი. ერთმანეთს დაახლოებული სანავარდოები, ვიწრო განბჯენი; ზედმეტად გაბაჯგული დგომი. შესახსრების შედარებით გასწორებული კუთხეები. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ უფრო მკვეთრი ფორმით გამოხატული. მოკლე წვივი; სუსტი, გრძელი კოჭი.



თათები – საშუალოზე მცირე ზომის; ოვალური, შეკრული, ერთმანეთან მჭიდროდ მიჯრილი თითებით; ბრჭყალები მოკლე, მაგარი, მიწას ეხება. ნაკლი: მრგვალი თათი; ბრტყელი თათი, გაშლილი თითებით.









კუდი – საკმაოდ მაღლა უზის, ბუნებრივად აგრძელებს გავის ხაზს; ძაღლს კუდი ზურგის ხაზზე მაღლა არ უნდა ეჭიროს; მოძრავია; სწორია ან ხმლისებური; ფუძესთან სქელი, ბოლოსკენ თანდათან და თანაბრად წვრილდება. ძუებს კუდი სიგრძით სანავარდოებამდე წვდება, ხვადებს 2-3 სანტიმეტრი აკლდება. ნაკლი: ზედმეტად გრძელი; დუნე; არატიპიურად შემოსილი კუდი. ხინჯი: წვრილი; უღიმღამოდ მოძრავი; მაღლა აპრეხილი ან ნამგალივით მორკალული კუდი; მოკლე კუდი (ხვადებთან _ როცა სანავარდოებამდე 6 სანტიმეტრი აკლდებათ; ძუებთან _ როცა 4 სმ აკლდებათ).