ირლანდიური სეტერი ჩამოყალიბდა როგორც განკერძოებული ჯიში მას შემდეგ, რაც მოხდა სეტერების დაყოფა ფერის მიხედვით.
დაახლოებით XX საუკუნის შუა წლებში ირლანდიაში გამოყვანილი წითელ-ჭრელი სეტერებისგან უპირატესად წითელი ფერის ძაღლების გადარჩევის გზით გამოყვანილ იქნა მთლიანად წითელი შეფერილობის სეტერი, ისეთი, როგორიც დღესაა ცნბილი. ეს არის ელეგანტური ძაღლი კარგად განვითარებული სამონადირეო თვისებებით, რომლებმაც თავისი ძალა არ დაკარგეს მას შემდეგაც, რაც ირლანდიური სეტერები თავისი ელეგანტურობისა და სილამაზის გამო, ხშირად მოწყვეტილნი იყვნენ ნადირობას და მხოლოდ ნატიფ, მოდურ ძაღლებს წარმოადგენდნენ. მას აქვს კარგად განვითარებული სამონადირეო ინსტიქტი და თანმიმდევრული წრთვნის შედეგად მისგან შესანიშნავი მონადირე ძაღლი გამოდის, რომლის გამოყენება შეიძლება უნივერსალურ სამუშაოებში, რადგან მას აქვს წყალში მუშაობის და აპორტირების თანდაყოლილი სიყვარული.
სტანდარტი:
ზოგადი აღწერილობა: სწრაფი, რბილი, ჭკვიანი და ლამაზი ძაღლის კეთილშობილი ტიპი.
თავი და ქალა: თავი – გრძელი, მშრალი და ვიწრო. ქალა – ყურებს შორის ოვალური; კეფის ბორცვი კარგად განვითარებული, დრუნჩი გრძელი, მსუბუქი, მშრალი, საკმაოდ ღრმა; ნესტოები – ფართო, გაშლილი; ტუჩები – წვრილი, მშრალი; ცხვირის ბიბილოს ფერი – მუქი წითელი, მუქი ყავისფერი, უპირატესად შავი; თვალები – ყავისფერი ან მუქი ყავისფერი, არ უნდა იყოს ძალიან მსხვილი; მზერა – ჭკვიანი. ყურები – საშუალო სიდიდის, წვრილი, დაბლა დასმული, კეფასთან ახლოს. ლამაზი ნაკეცებით დაშვებული და მჭიდროდ მიკრული ღაწვებზე. კისერი – საშუალო სიგრძის, ძალიან დაკუნთული, ოდნავ მოხრილი, კანის ნაკეცების გარეშე;
ტანადობა – მინდაომდე ხვადები 57-64 სმ სიმაღლისანი არიან; ძუები 3 სმ-ით ნაკლები. ფორმატი _ კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსი ხვადებთან 100-105 -ია, ძუებთან _ 102-107. ზედა ზღვარზე 2 სანტიმეტრამდე მეტი სიმაღლე ნაკლია, 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული ან ქვედა ზღვარზე ნაკლები სიმაღლე კი _ ხინჯი.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEh_6etOrvOT6Iq2QnLgd94lArLJgbsa1exsWHDxmzvNSmNe-Yz4jmn78Wu_Glxuy1f25xL9YAbclorKiEfWVOlZanqugBSgfUesVkKONlA8vGjtvZesNwBdfDSs3egWfA9buw79ZhyBguWU/s320/61593_158753544136027_157920957552619_517329_594802_n.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiaaxXc94H1r1CtFz-6bNbJWZEUnB83_0YFF0lFQZnLe2z1uVE45bml6NhUjOrJcwzjFHmTrUtqYqlZBXOdhhbXxLfdDw8AbG4gHQM4X6vgW1nvWbjsBqAv1o6DdBYtHF1ZWDMfZWev3aJD/s320/58193_157932924218089_157920957552619_511634_3180010_n.jpg)
ბანალი – ირლანდიური სეტერი შემოსილია გრძელი, ხშირი, სალუქი, სწორი, ტანზე მჭიდროდ მომდგარი ბანლით. თავზე და ფეხების წინა მხარეს ბეწვი მოკლეა, სხვაგან კი _ საგრძნობლად გრძელი. ყურებზე, მკერდქვეშ, წინა ფეხების უკანა მხარეს იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, აგრეთვე კუდის მუცელზე _ ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე დანარჩენ ტანზე და ნაძეძებად და ფოჩებად არის ჩამოსწორებული. თათებსა და თათისგულებს შორის სქელი ბუნჯგალია გაფანჩული. კუდი სწორი, კაზმული ბეწვით არის შემოსილი, რომელიც კუდის რიკიდან ცოტა მოშორებით იწყება და მარაოსავით იშლება _ შუაში ყველაზე გრძელია, ბოლოსკენ თანდათან მოკლდება. ნაკლი: ზურგის ხაზიდან აქეთ – იქით გადავარცხნილი, გადამეტებულად გრძელი ბეწვი, რომელიც ზურგზე განაყოფ ღარს ქმნის; “ფაფანაკი” თავზე; ნაწილობრივ დატალღული ბანალი; ნაკლებად გამოსახული კაზმული ბეწვი. ხინჯი: ხუჭუჭა ბეწვი; კულულებად დაყრილი, კუდზე დახვეული, ძალიან უხეში ბანალი; ტანზე არამჭიდროდ მიჯრილი და მომდგარი; კაზმული ბეწვის არქონა.
ტყავი; ძვალკუნთოვანი სისტემა – ტყავი ტანზე მჭიდროდ, ნაკეცების გარეშეა მომდგარი, თხელი და ელასტიურია; ძაღლს ჩონჩხი და კუნთები კარგად აქვს განვითარებული.
ყური – საშუალო სიგრძის (ცხვირის წვერომდე 2-3 სმ აკლდება); დაკიდული, სალუქი, მომრგვალებული ბოლოებით; საძირკველში არცთუ ფართო. ირლანდიურ სეტერს ყური დაბალზე (უპის ჭრილის გასწვრივ) უზის; ოდნავ კეფისკენ გადაწეულია, მსუბუქ ნაკეცს იკეთებს და თანაბრად ჩამოშვებული ღაწვებს მჭიდროდ ეკვრის. ნაკლი: მაღალზე გაკიდული ყური; ღაწვებზე არამჭიდროდ მიკრული ყური. ხინჯი: დიდი და გაშლილი (“პარტყუნა”); გრძელი და მძიმე; კულულივით ან მილაკივით დახვეული; ხრტილზე გაკიდული; პატარა, მოკლე ყური.
თვალი – საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის (ნუშისებრი), მუქი ყავისფერი, არაღრმად ჩამჯდარი, მაგრამ არც გადმოკარკლული; უპის ჭრილი ოდნავ ცერად უზის (ბუდეშურად); ქუთუთოს კიდეები ცხვირის წვერის შეფერილობისა უნდა იყოს. ნაკლი: დიდი, გადმოკარკლულითვალები; უპის პირდაპირი ჭრილი; შიდა (მესამე) ქუთუთო, რომელიც ნაწილობრივ ფარავს თვალის ნაწილს. ხინჯი: პატარა, ჩაცვენილი, შემღვრეული თვალები; გან-გან ან ახლო-ახლო ჩამჯდარი; მრგვალი თვალი; ლოხი, ჩამოღვენთილი უპეები; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპეები.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjbsjlh9-mqxyIIgjH3Da3CNIa7FltgJF-OzRDjHn53rj0uiXV8GbEP8o7k_3VG9XsKel1pNSahcoDi4FkiY7j2-imFijXrAGvP8IsrRYDED429ZhbEMdvmZ45PFrsRROb5XrnDR_zg3E1y/s320/58193_157932917551423_157920957552619_511632_6839258_n.jpg)
კისერი – საშუალო სიგრძისაა, ხმელი, კუნთოვანი, არცთუ სქელი, გვერდებიდან ცოტა შეჭყლეტილივითაა; ხვადებს ქედი ოდნავ ამოზნექილი აქვთ, ძუებს _ სწორი. ნაკლი: მოკლე, სქელი, ლოხი, მრგვალი კისერი; ღაბაბიანი ყელი.
მინდაო – გამოკვეთილად ამოზიდულია რამდენადმე დაქანებულ (კუდისკენ) ზურგის ხაზს ზემოთ (განსაკუთრებით ხვადებში). კუნთოვანია; კარგად განვითარებულია.
ზურგი – სწორია, არცთუ ფართო, მაგრამ კუნთოვანი. ნაკლი: გადრეკილი (რბილი), ან ოდნავ ამოკუზული ზურგი. ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.
წელი – მოკლე, კუნთოვანი და ოდნავ ამოდრეკილია. ნაკლი: არასაკმარისად კუნთოვანი; გრძელი; სწორი (თარაზული) წელი. ხინჯი: გადრეკილი წელი; ამოკუზული წელი.
გავა – განიერია, (განსაკუთრებით ძუებს _ მინდაოსთან შედარებით შესამჩნევად განიერი გავა აქვთ). საკმაოდ გრძელია, (ძუებთან _ უფრო გრძელი). ოდნავ დაფერდებული; კუნთოვანი. ნაკლი: შედარებით მოკლე და ცოტათი ჩათლილი გავა. ხინჯი: საგრძნობლად მოკლე და მკვეთრად ჩათლილი (“ჩასხეპილი”) გავა.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgq8ihcdHGAancrznyIwZqyJRX8s_TcclAxPQrAAITRqdrNOCWSMV8NL6aJUBlb6R0hWULF3oHTycn9XEz0t83dJaiIvebUX1EIPG1ZvWxh925KbKoWmNOcC8KWH5_1v-OJLlAta1IXrVLP/s320/60080_157923980885650_157920957552619_511597_2338070_n.jpg)
მკერდი – არცთუ ფართოა; გრძელი და ღრმაა _ იდაყვებამდე ჩამოშვებული; ცრუ ნეკნები კარგად განვითარებულია; გვერდიდან შეხედვისას _ მკერდის შუაძვალის წიბო და ქვედა ხაზი რბილად გადადის მუცლის ზოლში. ნეკნები რამდენადმე გამობურცულია. ნაკლი: არასაკმარისად გამობურცული ნეკნები; ბრტყელი ან ზედმეტად ფართო, გაშლილი მკერდი. ხინჯი: ძალზე ვიწრო ან გადამეტებულად განიერი ან ძალზე ღრმა ან ძალზე მოკლე ან კასრისებური მკერდი ან შევარდნილი მკერდი.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEj56Lc6fHsGdmyitz96WA_klbshNYnvAFYC7IimdnB9Le1Bvy8RJfcZbxssJlwpF2W2kFisjl7IZ_tZdkThshsnCJSwbWo1QBQkresPMGt1H5sNFAf7FM48RB64OxA6hOQeHiglMd9qzwAC/s320/60864_157923597552355_157920957552619_511592_1465500_n.jpg)
წინა კიდურები – წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორი და ურთიერთპარალელურია; კუნთოვანი, მშრალი და ძვალსრულია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან უნდა იყოს მიმართული. დგომისას განბჯენი არ არის ფართო. მხრები გრძელია, დაკუნთული. მხარ_ბეჭის შესახსრების კუთხე 100 გრადუსზე ცოტა მეტია. წინამხარი გრძელია, სწორი, განივკვეთში ოვალურია. ტერფები საშუალო სიგრძისაა, ვიწროა, მყარია და პირდაპირ მიმართული; ძაღლს ოდნავ დახრილად უდგას _ 10-12 გრადუსიანი კუთხით. ნაკლი: შედარებით სწორი მხრები; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; მცირედად განზე გამოყრილი იდაყვები; შვეულად მდგარი ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი ან ბატატურა დგომი; ფართო განბჯენი. ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული. მოკლე წინამხარი, მოკლე კიდურები.
უკანა კიდურები – უკნიდან თუ შევხედავთ _ ფართოდ მდგომი, სწორი და პარალელურია. გვერდხედში _ თვალნათლივ გამოხატული შესახსრების კუთხეებით. თეძო გრძელია, დაკუნთულია; წვივის ძვალი გრძელი და ცერად დახრილია. კარგად გამოკვეთილი სანავარდოები ქვემოთ არის დაშვებული და აუცილებლად უკან მიმართული. კოჭი მოკლეა, თითქმის შვეულად მდგარი. ნაკლი: განუვითარებელი კუნთი. ერთმანეთს დაახლოებული სანავარდოები, ვიწრო განბჯენი; ზედმეტად გაბაჯგული დგომი. შესახსრების შედარებით გასწორებული კუთხეები. ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ უფრო მკვეთრი ფორმით გამოხატული. მოკლე წვივი; სუსტი, გრძელი კოჭი.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEi1trot4fVXb_O238luMxsgzxLs8kT1Sd38Auq_G5ynyveTOe68f0YJlG_SfL2mf_LiULne-Q0kR0LsE6j7z4i6WZMPbndNaV4dYOcm2RkSdSTKlw-fjgTM_P1bi9YNdVkeDvJ_BxxiRSh5/s320/61593_158753540802694_157920957552619_517328_1144862_n.jpg)
თათები – საშუალოზე მცირე ზომის; ოვალური, შეკრული, ერთმანეთან მჭიდროდ მიჯრილი თითებით; ბრჭყალები მოკლე, მაგარი, მიწას ეხება. ნაკლი: მრგვალი თათი; ბრტყელი თათი, გაშლილი თითებით.
კუდი – საკმაოდ მაღლა უზის, ბუნებრივად აგრძელებს გავის ხაზს; ძაღლს კუდი ზურგის ხაზზე მაღლა არ უნდა ეჭიროს; მოძრავია; სწორია ან ხმლისებური; ფუძესთან სქელი, ბოლოსკენ თანდათან და თანაბრად წვრილდება. ძუებს კუდი სიგრძით სანავარდოებამდე წვდება, ხვადებს 2-3 სანტიმეტრი აკლდება. ნაკლი: ზედმეტად გრძელი; დუნე; არატიპიურად შემოსილი კუდი. ხინჯი: წვრილი; უღიმღამოდ მოძრავი; მაღლა აპრეხილი ან ნამგალივით მორკალული კუდი; მოკლე კუდი (ხვადებთან _ როცა სანავარდოებამდე 6 სანტიმეტრი აკლდებათ; ძუებთან _ როცა 4 სმ აკლდებათ).
No comments:
Post a Comment